ტყის სურნელი, გრუნტის გზები და ნამდვილი MTB თავგადასავალი რაჭაში
ზოგი ველომარშრუტი უბრალოდ გასეირნებაა, ზოგი კი ისეთი გამოცდილებაა, რომელიც რამდენიმე წლის შემდეგაც არ გავიწყდება.
ეს მარშრუტი სწორედ ასეთია - პირველად 2021 წელს დავგეგმე და სოლო გასვლით დავტესტე. რა თქმა უნდა რუკით დაგეგმილი მარშრუტი განსხვავდებოდა რეალობისგან, თუმცა ყველანაირ მოლოდინს გადადარჭაბა: სრულად გრუნტიანი გზა, ტყის მონაკვეთები, ზღაპრული ნისლი, ნაძვნარის სურნელი, რთული აღმართები, სწრაფი დაშვებები და ულამაზესი ბუნება.
ეს არ არის კვირა დღის მარტივი გასეირნება - ეს არის ნამდვილი სავთაგადასავლო მარშრუტი მათთვის, ვისაც უყვარს სამთო ველოსიპედი, გრუნტის გზები, ტყეში სიარული, აღმართები და რთული, მაგრამ ძალიან სასიამოვნო მარშრუტები.
მარშრუტის ძირითადი მონაცემები
- სტარტი: ქვედა თლუღი, რაჭა
- დისტანცია: 32 კმ
- აღმართი: 1,070 მ
- დაშვება: 1,070 მ
- გზის ტიპი: სრულად გრუნტიანი გზა
- სირთულე: რთული, მაგრამ ძალიან დასამახსოვრებელი
- მთავარი წერტილი: მთა საწალიკე
სტარტი ქვედა თლუღიდან
მარშრუტი იწყება რაჭაში, სოფელ ქვედა თლუღში. ეს ადგილი თავიდანვე ქმნის ნამდვილი თავგადასავლის განწყობას. სოფელი ტყიან და მთიან გარემოში მდებარეობს, ამიტომ თავიდანვე გრძნობ, რომ ჩვეულებრივ გზაზე არ მიდიხარ.
ქვედა თლუღთან ახლოს არის ბუნებრივი მღვიმე კიდობანა, რომლის ნახვაც აუცილებლად ღირს. თუ ამ მხარეში პირველად ხართ, მღვიმე მარშრუტის დაწყებამდე ან დასრულების შემდეგ აუცილებლად მოინახულეთ და არ დაგავიწყდეთ განათება. ეს ადგილი მარშრუტს კიდევ უფრო საინტერესო და მისტიკურ ხასიათს სძენს.
შაორის ტბა ახლოს არის
მარშრუტთან ახლოს მდებარეობს შაორის ტბა, რაჭის ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ადგილი. თუ დრო გაქვთ, შაორთან გასეირნება ძალიან კარგი იდეაა.
დილით ტბასთან ნისლი, საღამოს კი მზის ჩასვლა საოცარ ხედებს ქმნის. ეს მარშრუტი მარტივად შეიძლება გადააქციოთ რამოდენიმე დღიან სათავგადასავლო ტურად, სადაც ველოსიპედი, მღვიმე, ტყე, მთა და ტბა ერთ გამოცდილებაში ერთიანდება. ასევე შესაძლებელი ჯომარდობაც.
სრულად გრუნტიანი გზა ტყეში
ამ მარშრუტის მთავარი ხიბლი ისაა, რომ გზა მთლიანად გრუნტის არის: ტყის ბილიკები, ქვიანი მონაკვეთები, ფართო გრუნტის ტრეკები და ისეთი ადგილები, სადაც უბრალოდ უნდა გაჩერდე და დატკბეთ ბუნებით.
ნაძვნარის სურნელი განსაკუთრებით იგრძნობა ტყის მონაკვეთებში. ჰაერი გრილია, სუფთაა და ზოგ ადგილას ისეთი შეგრძნება გაქვს, თითქოს გზაზე კი არა, ზღაპარში ხარ.
თუ ნისლიანი ამინდი დაგემთხვათ, მთელი მარშრუტი სრულიად სხვა სამყაროდ გადაიქცევა. ნაძვნარში ჩამოწოლილი ნისლი, ტყის სიჩუმე და უსასრულო გრუნტის გზები ისეთ ატმოსფეროს ქმნის, თითქოს პირდაპირ ჰენზელი და გრეტელის ზღაპარში მოხვდით. ზოგ მონაკვეთში რთულია დაიჯერო, რომ მსგავსი ადგილები საქართველოში არსებობს.
აღმართი მთა საწალიკემდე
მარშრუტი ფიზიკურად მარტივი ნამდვილად არ არის. 32 კმ-ზე 1,070 მეტრი აღმართი უკვე ნიშნავს, რომ ენერგიის სწორად განაწილება აუცილებელია.
აღმართები ზოგ მონაკვეთში გრძელია და მოთმინებას ითხოვს. ზოგან გზა უფრო ციცაბო ხდება, ზოგან კი გრუნტის საფარი დამატებით ართულებს მოძრაობას. ეს არის მარშრუტი, სადაც მხოლოდ ფეხის ძალა არ კმარა. საჭიროა კარგი ტემპი, სწორი გადაცემის შერჩევა და ენერგიის დაზოგვა. მოკლე მონაკვეთებზე ველოსიპედის ხელით ტარებაც მოგიწევთ, თუ არ ხართ კარგ ფიზიკურ ფორმაში.
აღმართის მთავარი და ყველაზე დასამახსოვრებელი ბოლო წერტილია მთა საწალიკე. სწორედ აქედან იშლება ხედები მთელ იმერეთზე. კარგ ამინდში ჰორიზონტი ძალიან შორს ჩანს, ხოლო მთები, ტყე და სოფლები ერთ დიდ პანორამად იშლება.
ეს ის მომენტია, როდესაც დაღლილობა უცებ გავიწყდება. ხვდები, რომ რთული აღმართი ღირდა.
დაშვება, რომელიც ყველაფერს ამართლებს
რაც უფრო რთულია აღმართი, მით უფრო სასიამოვნოა დაშვება. ამ მარშრუტზე დაშვება ნამდვილად ერთ-ერთი მთავარი სიამოვნებაა.
ზოგი მონაკვეთი სწრაფია და ფართო გრუნტის გზაზე გადის. ზოგი უფრო ტექნიკურია და ყურადღებას, სწორ დამუხრუჭებას და კარგ კონტროლს მოითხოვს. თუ MTB გიყვართ, ამ დაშვებებზე ნამდვილად ბევრ ემოციას მიიღებთ.
დაშვების დროს განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო, რადგან გრუნტი ზოგ ადგილას ფხვიერია, ზოგან ქვებია, ხოლო წვიმის შემდეგ გზა შეიძლება სრიალა გახდეს.
რა ველოსიპედია საუკეთესო ამ მარშრუტისთვის?
ამ მარშრუტისთვის საუკეთესო არჩევანი იქნება MTB ტიპის ველოსიპედი. Hardtail სრულიად საკმარისია, თუ კარგი ტექნიკა გაქვთ, ხოლო Full Suspension უფრო კომფორტულს გახდის დაშვებებს და ქვიან მონაკვეთებს.
გამოცდილ gravel rider-ს შეუძლია gravel ველოსიპედითაც სცადოს, მაგრამ ეს უკვე მარტივი ვარიანტი არ არის. ფართო საბურავები, ძლიერი მუხრუჭები და დაბალი გადაცემები აქ ძალიან მნიშვნელოვანია.
- Hardtail MTB კარგი არჩევანია
- Full Suspension უფრო კომფორტულია დაშვებაზე
- Gravel bike მხოლოდ გამოცდილებისთვის
- Tubeless (უკამერო საბურავები) რეკომენდებულია
- აუცილებელია სათადარიგო კამერა ან tubeless repair kit
- საჭიროა კარგი მუხრუჭები და საბურავები
რატომ ღირს ამ მარშრუტზე წასვლა?
იმიტომ, რომ ეს მხოლოდ ვარჯიში არ არის. ეს არის სრული თავგადასავალი, სადაც ქალაქს შორდები, შედიხარ ტყეში, ადიხარ არმართში, იღლები, მაგრამ ბოლოს იღებ იმ ემოციას, რომელსაც მარტივი მარშრუტი ვერ მოგცემს.
აქ არის ყველაფერი, რაც კარგ MTB დღეს სჭირდება: გრუნტი, ტყე, სიჩუმე, ხედები, მთა, ტბა, მღვიმე, რთული აღმართები და სწრაფი დაშვებები.
რჩევები სანამ წახვალთ
- წაიღეთ საკმარისი წყალი
- გქონდეთ offline GPS map
- შეამოწმეთ ამინდი წინასწარ
- ნისლში და წვიმაში იყავით უფრო ფრთხილად
- მარტო წასვლა ნაკლებად რეკომენდებულია
- დაიწყეთ დილით ადრე
- გქონდეთ დამუხტული ტელეფონი
- წაიღეთ საკვები ან ენერგეტიკული ბარები
- აუცილებლად გქონდეთ საბურავის შეკეთების ნაკრები
დასკვნა
თუ გიყვართ ტყე, ბუნება, გრუნტის გზები, MTB, დიდი ამაღლება, სწრაფი დაშვება და ისეთი მარშრუტები, სადაც ყოველი კილომეტრი თავგადასავალს ჰგავს, ქვედა თლუღიდან მთა საწალიკემდე ეს მარშრუტი აუცილებლად უნდა სცადოთ.
ეს არ არის მარტივი მარშრუტი. მაგრამ სწორედ ამიტომ არის განსაკუთრებული.
ნაძვნარის სურნელი, ნისლიანი ტყე, კიდობანას მღვიმე ქვედა თლუღთან, შაორის ტბა, მთა საწალიკე და ხედები მთელ იმერეთზე ქმნის ერთ-ერთ ყველაზე დასამახსოვრებელ MTB გამოცდილებას რაჭაში.
Comments (1)