3 ველომარშრუტი ბავშვთან ერთად გასასეირნებლად 🚲

გამოქვეყნდა 16 ნოემბერი 2026 ავტორი Mar Mikhelidze კატეგორია: მარშრუტები სულ 11
3 ველომარშრუტი ბავშვთან ერთად გასასეირნებლად 🚲

თუ ბავშვთან ერთად ველოსიპედით ხშირად სეირნობთ, ისეთი ადგილები, როგორიცაა ლისის ტბა, კუს ტბა, ვაკის პარკი ან მზიურის პარკი, ალბათ უკვე კარგად გეცოდინებათ. ეს სივრცეები ოჯახური გასეირნებისთვის პოპულარულია, თუმცა თბილისში და მის შემოგარენში კიდევ ბევრი საინტერესო ადგილია, სადაც ბავშვებთან ერთად ველოსიპედით სასიამოვნო დროის გატარება შეგიძლიათ.

ამჯერად გვინდა სამი განსხვავებული მარშრუტი გაგიზიაროთ, სადაც შესაძლოა ჯერ არ ყოფილხართ, თუმცა ნამდვილად ღირს მათი აღმოჩენა. აქ ნახავთ როგორც მშვიდი სეირნობისთვის შესაფერის ადგილებს, ისე ქალაქში არსებულ ველობილიკს, სადაც ბავშვებს მოძრაობის წესების გაცნობაშიც დაეხმარებით.

1. კრწანისის ტყე-პარკი 🌳

ველობილიკი კრწანისის ტყე-პარკში

თუ გინდათ, ცოტა ხნით ქალაქის ხმაურს გაერიდოთ და ბავშვთან ერთად ბუნებაში გაისეირნოთ, კრწანისის ტყე-პარკი ერთ-ერთი საუკეთესო არჩევანია.

თბილისსა და რუსთავს შორის მდებარე ეს მწვანე სივრცე განსაკუთრებით მოსახერხებელია ოჯახური ველოსეირნობისთვის. აქ საავტომობილო მოძრაობისგან იზოლირებული გარემო, შედარებით ბრტყელი რელიეფი და ასფალტირებული გზებია, რაც გადაადგილებას პატარა ბავშვებისთვისაც ამარტივებს.

ასფალტირებული მონაკვეთი იმდენად მარტივია, რომ ორი წლის ბავშვის თანხლებითაც შეგიძლიათ მშვიდი გასეირნების დაგეგმვა, თუნდაც ის ჯერ ბალანს-ბაიკით გადაადგილდებოდეს.

კრწანისის ტყე-პარკის კიდევ ერთი განსაკუთრებული მხარე მისი ბუნებრივი გარემოა. აქ შეგიძლიათ დააკვირდეთ სხვადასხვა ფრინველს, აღმოაჩინოთ მცენარეები და ბავშვებს ბუნებისა და ცხოველების შესახებ ესაუბროთ. ასეთი გასეირნება არამარტო ფიზიკური აქტივობა, არამედ საგანმანათლებლოცაა.

თუ უფრო დიდი დრო გაქვთ, თან წაიღეთ წყალი, წასახემსებელი და პიკნიკისთვის საჭირო ნივთები. ველოსეირნობის შემდეგ შეგიძლიათ ბუნებაში დაისვენოთ და დღე მშვიდად გააგრძელოთ.

ვისთვისაა შესაფერისი? ოჯახებისთვის, რომლებსაც პატარა ბავშვებთან ერთად მშვიდი, მარტივი მარშრუტი სურთ.

გაითვალისწინეთ: თუ ზაფხულში წასვლას გადაწყვეტთ, მოერიდეთ შუადღეს გასვლას და მწერებისგან დამცავი სპრეი წაიღეთ.

2. რუსთავის პარკი 🌿

ველობილიკი რუსთავის პარკში

რუსთავის პარკი კიდევ ერთი საინტერესო მიმართულებაა მათთვის, ვისაც ბავშვებთან ერთად ველოსიპედით სეირნობა და ქალაქგარეთ მცირე გასვლა სურს.

პარკის მთავარი ხიბლი მისი მწვანე გარემო, ხეებით გარშემორტყმული სივრცეები და ტბაა. აქ შეგიძლიათ მშვიდი ტემპით იაროთ, პერიოდულად შეჩერდეთ, დაისვენოთ.

აქვე მდებარეობს ისტორიული რუსთავის ციხე-სიმაგრე და ძველი ნაქალაქარი. ეს კარგი შესაძლებლობაა, ბავშვებს გასეირნებისას ქალაქის წარსულზეც მოუყვეთ.

ვისთვისაა შესაფერისი? ოჯახებისთვის, რომლებსაც უნდათ ველოსეირნობა ბუნებაში დასვენებასა და ისტორიული ადგილის მონახულებას შეუთავსონ.

3. პაიჭაძის მოედანი – დიღმის ტყე-პარკი 🚴

ველობილიკი პაიჭაძის მოედნიდან დიღმის ტყე-პარკისკენ

თუ ქალაქიდან გასვლის დრო არ გაქვთ, მაგრამ გინდათ ბავშვთან ერთად ველოსიპედით გაისეირნოთ, ეს მარშრუტი კარგი არჩევანია.

განსაკუთრებით საინტერესოა მათთვის, ვისაც პირველკლასელი ან ცოტა უფროსი ბავშვი ჰყავს და სურს, ველოსიპედით გადაადგილების პარალელურად მოძრაობის ძირითადი წესებიც ასწავლოს.

მარშრუტი მიცკევიჩის ძეგლიდან იწყება და პაიჭაძის ქუჩის მიმართულებით გრძელდება. პაიჭაძისა და ე. მიქელაძის ქუჩების კვეთამდე შუქნიშანი არ გხვდებათ, რაც გზის პირველ მონაკვეთს შედარებით მარტივს ხდის.

თუმცა ამ კვეთაზე განსაკუთრებული ყურადღებაა საჭირო. აქ უმჯობესია ქვეითებისთვის მწვანე შუქს დაელოდოთ, რადგან ველოსიპედებისთვის მწვანე სიგნალი ავტობუსის მოხვევის პარალელურად ირთვება და ამ დროს გადასვლა უსაფრთხო არ არის.

ეს მონაკვეთი კარგი შესაძლებლობაა, ბავშვებს აუხსნათ, რატომ არ ნიშნავს მწვანე შუქი ყოველთვის იმას, რომ გზაზე საფრთხე არ არსებობს. ასწავლეთ, როგორ დააკვირდნენ სხვა სატრანსპორტო საშუალებებს, შეამცირონ სიჩქარე გადასასვლელთან და საჭიროების შემთხვევაში გაჩერდნენ.

გადასვლის შემდეგ მარშრუტს ისევ პარკის ტერიტორიაზე აგრძელებთ. თუ ბავშვი ჯერ არ დაღლილა და მეტი სეირნობა გსურთ, შეგიძლიათ გზა დიღმის ტყე-პარკისკენ გააგრძელოთ.

ამისთვის ლუბლიანას ქუჩის დასაწყისში გზის ორჯერ გადაკვეთა მოგიწევთ. ამ მონაკვეთებზე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ყურადღება და, საჭიროების შემთხვევაში, ველოსიპედიდან ჩამოსვლა.

დიღმის ტყე-პარკში მისვლის შემდეგ უკვე შეგიძლიათ უფრო მშვიდ გარემოში გააგრძელოთ სეირნობა, დაისვენოთ და ბუნებაში გაატაროთ დრო.

ამ მარშრუტის მთავარი უპირატესობა ისაა, რომ ბავშვთან ერთად არა მხოლოდ ველოსიპედით სეირნობთ, არამედ პრაქტიკულად აცნობთ ქალაქში უსაფრთხო გადაადგილების წესებს.

ვისთვისაა შესაფერისი? პირველკლასელებისა და შედარებით გამოცდილი პატარა ველომოყვარულებისთვის, რომლებსაც მშობლის თანხლებით შეუძლიათ ქალაქის ველოინფრასტრუქტურით სარგებლობა.

რამდენიმე რჩევა ბავშვთან ერთად ველოსეირნობამდე

რომელი მარშრუტიც არ უნდა აირჩიოთ, მნიშვნელოვანია, გასეირნება ბავშვის ასაკსა და გამოცდილებას მოარგოთ.

  • წინასწარ შეამოწმეთ ველოსიპედის გამართულობა
  • თან იქონიეთ წყალი და მცირე წასახემსებელი.
  • შეარჩიეთ ისეთი მანძილი, რომელსაც ბავშვი ზედმეტი დაღლის გარეშე გაივლის.
  • გზის გადაკვეთისას განსაკუთრებული ყურადღება გამოიჩინეთ და საჭიროების შემთხვევაში ველოსიპედიდან ჩამოდით.
  • ნუ იჩქარებთ — ბავშვთან ერთად ველოსეირნობის მთავარი მიზანი სასიამოვნო დროის გატარება და ახალი გამოცდილების მიღებაა.

გახსოვდეთ, რომ ბავშვებისთვის ველოსიპედით გადაადგილება მხოლოდ გართობა არ არის. ეს ეხმარება მათ წონასწორობის, დამოუკიდებლობის, გარემოზე დაკვირვებისა და უსაფრთხო გადაადგილების უნარების განვითარებაში.

გინდათ ეს მარშრუტები გიდთან ერთად გაიაროთ?

თუ თბილისში ხართ და გინდათ ეს მარშრუტები ადგილობრივ გიდთან ერთად გაიაროთ, დაგვიკავშირდით. შეგვიძლია დაგეხმაროთ მარშრუტის შერჩევაში, სირთულის შეფასებაში და ისეთი მიმართულების არჩევაში, რომელიც თქვენს გამოცდილებასა და დროს მოერგება.

Comments (0)

Please log in to leave a comment. Login

No comments yet.

22 სექტემბერი 2021

Safe Cycling თბილისის რუკაზე

გაეცანით თბილისისთვის შექმნილი ველოსიპედისტების უსაფრთხო მარშრუტების რუკა — გზამკვლევი, რომელიც ქალაქის ერთი ბოლოდან მეორემდე უსაფრთხოდ გადაადგილებაში დაგეხმარებათ. წაიკითხეთ არსებული პრობლემებისა და მათი გადაჭრის გზების შესახებ.

07 მაისი 2026

4 სამთო ველო მარშრუტი თბილისთან ახლოს

4 MTB მარშრუტი თბილისთან ახლოს, რომლებიც პირადად გვაქვს გავლილი და დატესტილი. სტატიაში ნახავთ მარტივ და საშუალო სირთულის მიმართულებებს, პრაქტიკულ რჩევებს, უსაფრთხოების რეკომენდაციებს და ინფორმაციას ტურისტებისთვის.