თბილისიდან მესტიაში - ზამთრის ველოტური

გამოქვეყნდა 28 თებერვალი 2026 ავტორი Mar Mikhelidze კატეგორია: ველომოგზაურობის ისტორიები
თბილისიდან მესტიაში - ზამთრის ველოტური

არ ვიცი, უკეთესი რა შეიძლება გაუკეთო საკუთარ თავს, ვიდრე ველო მოგზაურობაა, ამიტომ როგორც კი რედბულის ანონსი ვნახე - მესტიაში ლუხმედებით ჩამოსრიალების შესახებ, დავიწყე ფიქრი, რომელი მარშრუტით წავსულიყავი. მინდოდა, ამომერჩია ის გზები, სადაც ჯერ არ გამივლია: ასეთი საქართველოში უკვე ნამდვილად ცოტაა.

თბილისიდან საკმაოდ გვიან, შუადღის 12 სკენ გავედი, პირველი დღე “გატკეპნილ”, თუმცა ლამაზი სოფლებით ვიარე - მცხეთის გზიდან ძეგვისკენ. კავთისხევში უკვე ვგრძნობდი, რომ მოვშორდი სახლს და თავგადასავალი ეს-ესაა იწყება. საღამოს, როცა გორში შევედი 17 სთ იქნებოდა, სასტუმრო მოვძენე, ნივთები დავტოვე და სასეირნოდ გავედი. მენსტრუაციის პირველ დღეებში ვცდილობ, ძალიან არ დავიტვირთო და სხეულს მოვუსმინო. 

I დღის მარშრუტი

მეორე დილით ბარგი გადავალაგე, წინა დღით რაც მაწუხებდა, შევუცვალე ადგილები. წინ მზიანი ამინდი მელოდა და გადავწყვიტე, მევლო დაღამებამდე. ნაცნობი გზით წავედი ქარელისკენ - ასე მარცხნიდან უვლი გვერდს ავტობანს. ერთადერთი უსიამოვნო მონაკვეთი ხცისის გადმოსახვევიდან ხაშურამდე იყო. შევისვენე, მივიღე იმდენი კალორია, რაც წესით საღამომდე უნდა მყოფნოდა. სურამიდან ხარაგაულისკენ ნაწილობრივ გრუნტი, ნაწილობრივ კი ახლად დაგებული ასფალტია. ეს ხეობა აქამდე აქ მქონდა ნანახი და ველოსთვის იდეალური აღმოჩნდა. სუფთა ჰაერი, ნაძვები, 1-2 მანქანა და აღმართ-დაღმართი. ზესტაფონისკენ კიცხის გზით წავედი, რომ შევედი, უკვე ბნელოდა. ცოტა ისევ შევისვენე და ბაღდათის მიმართულებას დავადექი. იმდენად ბევრი ძაღლი მომსდევდა/მიყეფდა სიბნელეში, ვიფიქრე, რომ გაჩერება კარგი იქნებოდა და დიმში, საოჯახო სასტუმროში გავჩერდი.

II დღის მარშრუტი

“დიმის ფერდობში” საუზმით გამიმასპინძლდნენ, მათმა ბომბორა ძაღლმაც ზმორებით გამაცილა და ქუთაისისკენ მშვენიერ ხასიათზე წავედი. სიმარტივის მხარემ გადაწონა და მაკდონალდსში წავიხემსე, ალბათ ამას მეორე საუზმე ჰქვია - 10:30 იქნებოდა. მათხოჯიდან იმერეთს დავემშვიდობე, ხობის და მარტვილის გავლით წალენჯიხაში ავედი. მთავარ გზებს ვერიდებოდი, შეატყობდით, ამიტომ ისეთი სოფლები ვნახე, სადაც ადრე არ ვყოფილვარ.  წალენჯიხაში ისეთი სასტუმროს პოვნა, სადაც ველოს შემაყვანინებდნენ, გაჭირდა, მაგრამ ბოლოს მაინც გამიმართლა და მიპასუხეს. მომდევნო დღეს წვიმა იყო პროგნოზით და ცოტა მაღლა, ჯვარში მერჩივნა დარჩენა, მაგრამ იქ სასტუმროები აღარ მუშაობენ ზამთარში, აღმოჩნდა. სავახშმო პროდუქტი მარკეტებში მოვაგროვე და ვეცადე, მაქსიმალურად ყველაფერი მიმეღო, რაც მომავალი დღის დატვირთვისთვის მომამზადებდა.

III დღის მარშრუტი

მთელი ღამე წვიმდა და დილითაც, როცა 6 ზე ავდექი, თქეში მოდიოდა. ძალიან ნელა ვისაუზმე და ნელა ჩავიცვი, მეზარებოდა სიცივეში გასვლა, დასველება. ყველაფერი პარკებში ჩავდე, შევკარი. საწვიმრები ჩავიცვი და გავედი. კიდევ კარგი, გარმინი მაქვს, სადაც მარშრუტს ვუყურებდი, ტელეფონის ამოღება ზედმეტად დიდი, დამატებითი დისკომფორტი იქნებოდა. შეძლებისდაგვარად ჩქარა წავედი ჯვარისკენ. ენგურჰესს რაც უფრო ვუახლოვდებოდი, კანკალი უფრო მეტად მიტანდა. ერთ ადგილას შევჩერდი კიდეც, ცოტა ხანს ვხტუნავდი, რომ სისხლი ტერფებსა და ხელის მტევნებშიც ამოძრავებულიყო. გავაგრძელე გზა ოცნებით, რომ შემხვდება რამე კაფე, სადაც ტანსაცმელს გავაშრობ, გავთბები, ჩაის დავლევ. ბარჯაშში შესვლამდე ეს სურვილი შემისრულდა. დაახლოებით, 1 სთ ვიჯექი და ვაშრობდი რესტორან “სვანეთში” ყველაფერს, რაც მეცვა. თან ვუყვებოდი, იქამდე როგორ მივედი. რომ გამოვედი, ოდნავ წინწკლავდა, მალე რედბულის მანქანაც დამეწია, მომიკითხეს, გამამხნევეს, რედბულები მომაწოდეს. ამ მომენტიდან ბევრი აღმართი ავიარე, სანამ ეცერში ავედი. შესასვენებლად ხაიშში გავჩერდი. ავიღე ხაჭაპური ჩემთვის და პურები ცუგებისთვის. პურებმა გაამართლა, მათ გარეშე იმდენ ძაღლს როგორ გადაურჩებოდა ჩემი წვივები, არ ვიცი. 6 სთ იქნებოდა, როცა ეცერში ვიყავი. სულ რაღაც 26 კმ იყო მესტიამდე, მაგრამ მე უკვე 2000 მეტრზე მეტი აღმართი მქონდა ამოვლილი და ვიფიქრე, რომ დასვენება კარგი იქნებოდა. ცალანების საოჯახო სასტუმროში დავრჩი - ძალიან კარგ ადამიანებთან. 

IV დღის მარშრუტი

ეცერში დილით -8 გრადუსი და მზე დამხვდა. გემრიელად ვისაუზმე მასპინძელი, ინგას ჭვიშდარებით (თუ არასწორად ვწერ, როგორაა, მითხარით). გზისთვისაც გამომატანა. უმშვენიერესი ხედების ფონზე გავიარე 26 კმ და 13:00 საათისთვის მესტიაში ვიყავი. სასტუმროში დავბინავდი, მოვწესრიგდი. გავიარე Redbull Lukvrame ზე რეგისტრაცია. ლუკვრამე მგონი გაყინულს ნიშნავს, ლუხმედი კი ადგილობრივი, ხის თხილამურივითაა, ოღონდ სხვა ფორმის.  შეჯიბრებაზე ძალიან ბევრი ხალხი მოვიდა, 11 საათამდე გაგრძელდა.  მე ვარჯიშით ბევრად უფრო გავერთე, ვიდრე ასპარეზობისას - რომ არ მეწვალებინა მაყურებელი, უბრალოდ ჩამოვირბინე. რაც საკამათოა, სწორი იყო თუ არა. დაე, შთამომავლობამ განსაჯოს. 

V დღის მარშრუტი

მესტიიდან წამოსვლა, მომდევნო დღეს, ნამდვილად არ მინდოდა. ყველანაირად ვეცადე, იქ ყოფნა ბოდიალით გამეხანგრძლივებინა, იმდენად, რომ რაღაც მომენტში გზაც კი ამერია და 6 კმ თბილისის საპირისპირო მიმართულებით ვიარე. ტკბილეული მაჩუქა ერთმა გულშემატკივარმა, ძალიან სასიამოვნო იყო ყურადღება. ძაღლებისთვის ბევრი პური მქონდა და მშვენივრად შევეწყვე ამ საშუალებით. ფაქტობრივად, გაჩერების გარეშე ვიარე ბარჯაშამდე, უკანმოუხედავად - ველოზე დამაგრებული საყვარელი ჩუსტებიც კი დავკარგე. იმ რესტორანთან დავასრულე ტური, სადაც 2 დღით ადრე გასათბობად გავჩერდი. ზუგდიდიდან მატარებლით ვაპირებდი, მაგრამ მეგობარმა მანქანით მომაკითხა და წამომიყვანა კომფორტულად. 

VI დღის მარშრუტი

ეს ჩემი ამბავია, რაღაცები მოგიყევით, ბევრი რამე კი გამოვტოვე - უნდა გამოსცადოთ, მოყოლით ვერ იგრძნობთ. (ჩემი თხრობის ტექნიკაზე ვსაუბრობ, ნარატივის მნიშვნელობას არ ვაკნინებ)) მართლა არ ვიცი, უკეთესი რა შეიძლება გაუკეთო საკუთარ თავს, ვიდრე ველო მოგზაურობაა.

გალერეა

წყაროები და დამატებითი მასალა

Comments (1)

Please log in to leave a comment. Login
Misha Peradze
Feb 28, 2026
აი საღოლ! როგორ არ დაგეზარა😂

Related Blog

View all
05 ივლისი 2024

Kill Rock ’n Roll ან 5 დღე სომხეთში

თბილისიდან ერევანში ველოთი მოგზაურობა — ვანაძორისა და სევანის გავლით, თოვლიან მთებში, ცივ ამინდში და სითბოთი სავსე ადამიანებთან შეხვედრით.

14 დეკემბერი 2024

Super Randonneur - ალექსანდრე გეგეჭკორი

გაიცანით ალექსანდრე გეგეჭკორი — პირველი ქართველი, რომელმაც გაიარა პარიზი–ბრესტი–პარიზის 1200 კმ ბრევეტი. ის დამოუკიდებლად დაგეგმა და შეასრულა 200, 300, 400 და 600 კმ-იანი ტურები და გახდა Super Randonneur.