ჰოლანდიური ველოსამოთხე საკუთარი თვალით

გამოქვეყნდა 30 ოქტომბერი 2026 ავტორი Anino Zaridze კატეგორია: ველომოგზაურობის ისტორიები სულ 22
ჰოლანდიური ველოსამოთხე საკუთარი თვალით

თუ გგონიათ, რომ ჰოლანდიაში ველოსიპედით მხოლოდ იმიტომ დადიან, რომ გზები სწორია და ბუნება ლამაზი - ძალიან ცდებით. ეს ქვეყანა სამოთხედ ერთმა დიდმა ტრაგედიამ და ხალხის ჯიუტმა პროტესტმა აქცია.

1970-იან წლებში, როცა ქუჩები მანქანებმა დაიპყრო და საგზაო ავარიებმა ასობით ბავშვის სიცოცხლე შეიწირა, ჰოლანდიელებმა უბრალოდ თქვეს: „საკმარისია“. მათ არ ისურვეს ავტომობილების ქალაქებში ცხოვრება და ქუჩები თავიდან გადააწყვეს ადამიანებისთვის - მშვიდი, სუფთა და უსაფრთხო გარემოსთვის.

დღეს ნიდერლანდებში ველოსიპედი ცხოვრების რიტმი და ეროვნული იდენტობაა. აქ ძნელად თუ იპოვით ადამიანს, ვისთვისაც ორ ბორბალზე ბალანსი უცხოა: სკოლის მოსწავლე, ბანკირი თუ პრემიერ-მინისტრი - ქუჩაში ყველა თანაბარია, ყოველგვარი სტატუსისა და სტერეოტიპების გარეშე. კანონი ყოველთვის ყველაზე დაუცველის, ანუ ველოსიპედისტის, მხარეს დგას. აქ ინფრასტრუქტურა უსიტყვო მზრუნველობაა - შუქნიშნები წვიმასაც კი გრძნობენ, რომ მწვანე დროულად აგინთონ, უწყვეტი და დაცული ბილიკებით კი ქვეყნის ნებისმიერ წერტილამდე ისე მიხვალთ, რომ გზა არსად გაგიწყდებათ.

ამ ბილიკებზე სიარული ჩემთვის ერთდროულად დიდი ბედნიერებაც იყო და სევდაც.

ბედნიერება - რადგან საკუთარი თვალით ვნახე რეალობა, სადაც ველოსიპედისტს ასე უფრთხილდებიან. სევდა კი - რადგან ყოველ მოსახვევში ჩვენი ქუჩები მახსენდებოდა, სადაც ყოველდღე გადარჩენისთვის გიწევს ბრძოლა, და საზოგადოება, რომელსაც ჯერ კიდევ უჭირს ორ ბორბალზე მჯდომი ადამიანის შემჩნევა და პატივისცემა. მივყვებოდი უსასრულო, მშვიდ ბილიკებს და ხშირად ერთ რამეზე ვფიქრობდი - ნეტავ ოდესმე თუ შევძლებთ ჩვენთანაც ამ კულტურის გაზრდას?

გზაჯვარედინებზე დათმობას ვერაფრით შევეჩვიე. ინსტინქტურად მაინც ვყოყმანობდი და ველოდებოდი, სანამ მანქანა ბოლომდე არ გაქვავდებოდა - წლების განმავლობაში გამომუშავებული თვითგადარჩენის რეფლექსი ასე მარტივად არ ქრება. ალბათ ჰოლანდიელი მძღოლების თვალში ჩემი ეს უნდობლობა უცნაურად, ცოტა გიჟურადაც კი ჩანდა, ჩემთვის კი პირიქით - მათი უპირობო თავაზიანობა ჯერ კიდევ დაუჯერებელ სასწაულად რჩებოდა.

გზად ერთი საინტერესო დეტალიც შევნიშნეთ: ქუჩებში ჭარბწონიანი ადამიანი თითქმის არ გვხვდებოდა. ძნელია, ეს შედეგი ველოსიპედით ცხოვრების წესს არ დაუკავშირო - აქ მოძრაობა ყოველდღიური ჰიგიენასავით ბუნებრივია.

უშუალოდ ჩვენს მარშრუტს რაც შეეხება, სტარტი ამსტერდამიდან ავიღეთ.

ქალაქში საკმაოდ ხელსაყრელ ფასად ვიქირავეთ ველოსიპედები და პირდაპირ დედაქალაქის გადატვირთულ რიტმში გადავეშვით. სიმართლე გითხრათ, თავიდან ამდენ ხალხში მანევრირება საკმაოდ დამთრგუნველად და საშიშადაც კი მეჩვენა - ცხოვრებაში ერთად ამდენი ველოსიპედისტი არ მენახა. თუმცა, ინფრასტრუქტურა იმდენად უნაკლო და ლოგიკური აღმოჩნდა, რომ ნაკადს ალღო წამებში ავუღე. საკმარისი იყო, დანარჩენი მოძრაობის მსგავსად, მოსახვევებში ხელით მენიშნებინა მიმართულება, რომ შიში უკვალოდ გაქრა და დაძაბულობა სუფთა სიამოვნებამ შეცვალა.

ამსტერდამიდან გეზი უტრეხტისკენ ავიღეთ. სიმართლე რომ ვთქვა, გზად ბევრი ფოტო არც გადამიღია - კადრების დევნის ნაცვლად, მთლიანად გარემოს დაკვირვებითა და უბრალოდ წამით ტკბობით ვიყავი გართული.

დედაქალაქის ქაოსს პროვინციული ქალაქების სიმშვიდე ბევრად ვარჩიეთ. იქ ყველაფერი საოცრად გაწონასწორებული, განვითარებული და თითქოს უნაკლო იყო. ყოველდღე ახალ ქალაქში ვინაცვლებდით და დღეში საშუალოდ 50 კილომეტრს მაინც ვფარავდით.

მიუხედავად იმისა, რომ ბრტყელი რელიეფის გამო პედალირება ერთი შეხედვით უმარტივესი ჩანს, ჰოლანდიურმა ბუნებამ თავისი ხასიათი მაინც გვაჩვენა. ჩვენს მთავარ გამოწვევად წვიმა და ქარი იქცა. თან ისეთი ჯიუტი ქარი, ზურგის მხრიდან ერთხელაც რომ არ მოგვხმარებია და გამუდმებით პირდაპირ სახეში გვცემდა. თუმცა, სწორად შერჩეული აღჭურვილობითა და კარგი ეკიპირებით ეს დაბრკოლებაც ადვილად დასაძლევი თავგადასავალი აღმოჩნდა.

გზად უამრავი ულამაზესი ქალაქი დავტოვეთ უკან, თუმცა ჩვენთვის ყველაზე განსაკუთრებული და დასამახსოვრებელი მაინც ეინდჰოვენი აღმოჩნდა. რაღაც აუხსნელი აურა და ენერგეტიკა ტრიალებს ამ ქალაქში - ისეთი, რამაც ორივე ერთნაირად მოგვხიბლა და წამოსვლის ნაცვლად იქ დიდი ხნით დარჩენის სურვილი გაგვიჩინა.

მარშრუტმა რამდენიმეჯერ მდინარეზეც გადაგვიყვანა და წყლის გადაკვეთა ბორნებით მოგვიწია. საოცრად საინტერესო გამოცდილება იყო: იდექი გემბანზე სხვა ველოსიპედისტებთან და ავტომობილებთან ერთად, უყურებდი ნაპირს და გრძნობდი, როგორ ბუნებრივად ებმის წყლის ტრანსპორტი ველობილიკების ერთიან ქსელს.

მაგრამ ყველაზე თბილი კვალი მაინც ადამიანებმა დატოვეს.

ჰოლანდიელების კეთილგანწყობა ყოველ ნაბიჯზე იგრძნობოდა - გზად უცნობები პირდაპირ თვალებში გიყურებენ, გიღიმიან, გესალმებიან. ჩვენთან, სადაც ქუჩაში უმიზეზო ღიმილი იშვიათობაა და ზოგჯერ უცნაურადაც აღიქმება, ეს თავიდან უჩვეულო იყო. თუმცა, როცა სრულიად უცხო ადამიანი უბრალო, გულწრფელი ღიმილით ჩაგივლის, ხვდები, რამდენად გადამდებია ეს სითბო და როგორ შეუძლია ერთ უსიტყვო მისალმებას მთელი დღის განწყობა შეგიცვალოს.

საოცარი სანახავია წინ დიდი ყუთით აღჭურვილი ველოსიპედები, რომლებითაც მშობლებს წვიმასა თუ ქარში გადაჰყავთ 2-3 ბავშვი (ხშირად ძაღლთან და საყიდლებთან ერთად). ეს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ ველოსიპედი იქ მთელი ოჯახის მთავარი მანქანაა.

ქუჩაში თითქმის არავის ახურავს ჩაფხუტი (გარდა სპორტსმენებისა და ჩემი და გოდერძისა). ეს იმიტომ კი არა, რომ წესებს არღვევენ - უბრალოდ ინფრასტრუქტურა იმდენად დაცულია მანქანებისგან, რომ ველოსიპედით სიარულს ზუსტად ისეთივე დაბალი რისკის აქტივობად აღიქვამენ, როგორც ფეხით სიარულს.

ჰოლანდიელები ხშირად წყვილ-წყვილად ან ჯგუფებად მიდიან გვერდიგვერდ და ჩვეულებრივად საუბრობენ, ყვებიან ამბებს. ველოსიპედი მათთვის არა იზოლირებული მოძრაობა, არამედ ურთიერთობისა და დღის განტვირთვის სივრცეა.

კიდევ ერთი დეტალი, რამაც ჩვენი ყურადღება მიიპყრო, თავად ველოსიპედები იყო. ქუჩებში თითქმის ვერ ნახავდით ძვირადღირებულ, პრემიუმ მოდელებს. უმეტესობა სადა, ხშირად საკმაოდ ძველი, გაცვეთილი ველოსიპედით მოძრაობდა. მოგვიანებით გავიგეთ, რომ აქ თითქმის ყველას რამდენიმე ველოსიპედი ჰყავს - ქალაქში ყოველდღიური რუტინისთვის, სამსახურში წასასვლელად თუ სადგურზე დასატოვებლად მარტივ ველოსიპედს იყენებენ, კარგ და ძვირადღირებულ მოდელებს კი შაბათ-კვირის გრძელი გასვლებისა და სპორტისთვის ინახავენ.

ველოსიპედების გაქირავებისას მკაცრად გაგვაფრთხილეს: საკეტი ყოველთვის საიმედოდ ჩაგვეკეტა და ჩანთებში ღირებული ნივთები უყურადღებოდ არ დაგვეტოვებინა. სიმართლე გითხრათ, ასეთ მოწესრიგებულ და უსაფრთხო გარემოში ქურდობის საფრთხის ხსენებამ ცოტა გამაკვირვა. თუმცა, როგორც ჩანს, დიდ ქალაქებში, სადაც ასეთი უზარმაზარი მიგრაციული ნაკადი და მრავალფეროვანი მოსახლეობაა, ველოსიპედების ქურდობა საკმაოდ გავრცელებული პრობლემა ყოფილა - სწორედ ამიტომაც არ რისკავს არავინ ქუჩაში ძვირფასი ველოსიპედის მიტოვებას.

ამ მოგზაურობიდან ბევრად მეტი წამოვიღე, ვიდრე უბრალოდ გავლილი კილომეტრები და ლამაზი მოგონებებია.

შინ დაბრუნებულმა კიდევ უფრო მკაფიოდ გავაცნობიერე: ველოკულტურა არ არის ფუფუნება, ახირება ან რომელიმე კონკრეტული ერის თანდაყოლილი პრივილეგია. ეს არის გააზრებული არჩევანი - არჩევანი ქალაქისა, სადაც მთავარი საზომი ადამიანის სიცოცხლე, მისი სიმშვიდე და ჯანმრთელობაა.

ყველაზე მთავარი გაკვეთილი კი ისაა, რომ ასეთი გარემო ციდან არ ცვივა და არც მხოლოდ მერიის კაბინეტებში იგეგმება. ნამდვილი ცვლილება ყოველთვის ქვემოდან, თავად საზოგადოების ჯიუტი სურვილით იწყება - იმ ადამიანების ხმით, რომლებიც ერთ დღესაც იტყვიან, რომ ქუჩები ყველას ეკუთვნის.

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენთან ამ რეალობამდე ჯერ კიდევ გრძელი გზა გვაქვს გასავლელი, ვიცი, საით უნდა მივდიოდეთ. ყოველი ახალი ადამიანი, რომელიც საჭესთან თუ ველოსიპედზე ურთიერთპატივისცემას ირჩევს, ამ დიდ გზაზე გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია.

გალერეა

Comments (1)

Please log in to leave a comment. Login
Misha Peradze
Oct 30, 2026
აუ, მოგზაურობა მომინდა
28 თებერვალი 2026

თბილისიდან მესტიაში - ზამთრის ველოტური

თბილისიდან მესტიაში ზამთრის ველოტური ჩემთვის ნამდვილი თავგადასავალი აღმოჩნდა: შუადღით დავიძარი და მეექვსე დღეს, გორის, ხარაგაულის, ზესტაფონის, ქუთაისის, წალენჯიხისა და ენგურჰესის გავლით მესტიაში ავედი. გზად ხან მზიანი ამინდი მქონდა, ხან ძლიერ წვიმა, სიცივე, ბევრი აღმართი და მიტოვებული ძაღლი. ზოგჯერ სხეულს ვუსმენდი და ტემპს ვანელებდი, ზოგჯერ კი დაღამებამდე ვაგრძელებდი სვლას. ამ გზამ კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ საკუთარი თავისთვის ყველაზე კარგი საჩუქარი სწორედ ველო მოგზაურობაა.

05 ივლისი 2024

Kill Rock ’n Roll ან 5 დღე სომხეთში

თბილისიდან ერევანში ველოთი მოგზაურობა — ვანაძორისა და სევანის გავლით, თოვლიან მთებში, ცივ ამინდში და სითბოთი სავსე ადამიანებთან შეხვედრით.