ბრევეტი 400კმ - ბათუმი
ბრევეტი

ბრევეტი 400კმ - ბათუმი

400 კმ ბრევეტი 10 ივლისს, ბათუმი. 27 საათის ლიმიტი. Self-supported ფორმატი. რეგისტრაცია ონლაინ.

ივანე ჯავახიშვილის ხიდი
10 ივლისი 2026
16:30
2 დღე
400 km
4220 m

ბრევეტის მხარდამჭერები

ღონისძიებას მეტ ენერგიას, ხარისხს და მასშტაბს სძენენ. ჩვენ ვაფასებთ მათ ნდობას და მხარდაჭერას.

🔥 გიფიქრია, რა მანძილის დაფარვას შეძლებ 27 საათში?

10-11 ივლისს 2026 წლის მესამე, 400 კმ ბრევეტს ვატარებთ.

ღონისძიების შესახებ

ბრევეტი არის საერთაშორისო გამოწვევა ასწლოვანი ისტორიით.
მისი საშუალებით გამოცდი საკუთარ გამძლეობას, დროის სწორად მართვისა და დაგეგმვის უნარებს. შენ არ ეჯიბრები სხვას — შენ ეჯიბრები საკუთარ შესაძლებლობებს.
მარტივად რომ ავხსნათ: ფინიშერის მედალს მიიღებ, თუ 400 კმ დისტანციას 27 საათზე ნაკლებ დროში გაივლი.

  • მანძილი: 400 კმ
  • დროის ლიმიტი: 27 საათი 00 წუთი
  • ფორმატი: self-supported

self-supported ნიშნავს, რომ მონაწილე თავად არის პასუხისმგებელი ნავიგაციაზე, კვებაზე, ჰიდრაციაზე და ტექნიკურ საკითხებზე. გარე დახმარება დაუშვებელია, გარდა საჯაროდ ხელმისაწვდომი სერვისებისა.

მარშრუტის შესახებ (მარშრუტში შესაძლოა პატარა ცვლილებები)

მარშრუტი იწყება თბილისში და სრულდება ბათუმში. სტარტის შემდეგ მონაწილეები დასავლეთის მიმართულებით გაემართებიან და გაივლიან გორს, ხაშურს, ბორჯომსა და ახალციხეს. ახალციხის შემდეგ მარშრუტი აჭარის მთიანეთის მიმართულებით გრძელდება, გადის გოდერძის უღელტეხილის მონაკვეთზე და საბოლოოდ ბათუმში სრულდება.

მარშრუტის სიგრძე ~400 კილომეტრია, ხოლო აღმართების ჯამი ~4,220 მეტრს შეადგენს. მარშრუტი აერთიანებს სწრაფ და სწორ მონაკვეთებს, ხანგრძლივ აღმართებსა და დაღმართებს.

ყველაზე რთული ნაწილი მარშრუტის მეორე ნახევარშია, სადაც მონაწილეებს მაღალმთიანი მონაკვეთის გავლა მოუწევთ. ამ მონაკვეთში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ძალების სწორად გადანაწილება, ამინდის ცვლილებისთვის მზადყოფნა და განათების საკმარისი რესურსი.

მონაწილეებს მოუწევთ როგორც დღისით, ისე ღამით მოძრაობა. თბილისსა და დაბლობ მონაკვეთებზე შესაძლებელია იყოს მაღალი ტემპერატურა, ხოლო მაღალმთიან ზონაში — მკვეთრად დაბალი ტემპერატურა, ნისლი, წვიმა და ძლიერი ქარი.

  • გამოცხადება სტარტზე
    15:30 — სტარტამდე 1 საათით ადრე
  • სტარტი — თბილისი (ივანე ჯავახიშვილის ხიდი)
    გახსნა: 16:30 — 10 ივლისი
  • ჩეკპოინტი 1 — კასპი
    მანძილი: 57კმ
    გახსნა: 17:30
    დახურვა: 20:30
  • ჩეკპოინტი 2 — ყინწვისი
    მანძილი: 128 კმ
    გახსნა: 19:30
    დახურვა: 02:00
  • ჩეკპოინტი 3 — ახალციხე
    მანძილი: 236 კმ
    გახსნა: 21:20
    დახურვა: 08:00
  • ჩეკპოინტი 4 — ხულო
    მანძილი: 317 კმ
    გახსნა: 01:10
    დახურვა: 13:40
  • ფინიში — ბათუმი
    მანძილი: 400 კმ
    გახსნა: 04:00
    დახურვა: 19:30 — 11 ივლისი
    (სტარტიდან 27 საათი)
მნიშვნელოვანი შენიშვნა: ACP-ის მოქმედი წესების მიხედვით, შუალედური საკონტროლო პუნქტების გახსნისა და დახურვის დროები მონაწილეებისთვის საორიენტაციოა და ეხმარება მათ, შეაფასონ, ასწრებენ თუ არა ბრევეტის საერთო დროის ლიმიტში დასრულებას. საბოლოო და სავალდებულო დროითი მოთხოვნა არის ფინიშის დახურვის დრო.

ვის შეუძლია მონაწილეობა

მონაწილეობა შეუძლია ფიზიკურად მომზადებულ ველოსიპედისტს, რომელსაც აქვს ხანგრძლივი და მთაგორიანი მარშრუტების გავლის, ასევე დღისით და ღამით უსაფრთხოდ გადაადგილების გამოცდილება.

400 კმ ბრევეტი არ არის რეკომენდებული, როგორც პირველი ულტრადისტანციური ღონისძიება. სასურველია მონაწილეს უკვე გავლილი ჰქონდეს მინიმუმ 200 ან 300 კმ ბრევეტი, ან ანალოგიური სირთულის ხანგრძლივი ველომარშრუტი.

დაახლოებით 4,220 მეტრი აღმართისა და რთული მაღალმთიანი მონაკვეთების გამო მონაწილეს უნდა შეეძლოს ტემპის, ენერგიის, კვებისა და ჰიდრაციის სწორად მართვა მთელი 27 საათის განმავლობაში.

რეკომენდებულია Gravel, Endurance ან Cyclocross ველოსიპედი. Road ველოსიპედით მონაწილეობის შემთხვევაში რეკომენდებულია შედარებით ფართო, გამძლე საბურავები.

რატომ ღირს მონაწილეობა

ბრევეტი 400 მხოლოდ მანძილი არ არის — ეს არის ნებისყოფის, დისციპლინის, მენტალური სიმტკიცისა და დროის მართვის გამოცდა.

თბილისიდან ბათუმამდე 400 კილომეტრის გავლა მონაწილეს საშუალებას აძლევს გამოსცადოს საკუთარი შესაძლებლობები განსხვავებულ რელიეფსა და ამინდის პირობებში, ისწავლოს დაღლილობის მართვა და მოემზადოს კიდევ უფრო გრძელი გამოწვევისთვის — 600 კმ ბრევეტისთვის.

რეკომენდაცია

  • მარშრუტი წინასწარ ჩაწერეთ GPS მოწყობილობაში ან ტელეფონში. მხოლოდ ინტერნეტსა და ონლაინ ნავიგაციაზე ნუ იქნებით დამოკიდებული.
  • იქონიეთ სრულად დამუხტული ტელეფონი და საკმარისი მოცულობის power bank.
  • აუცილებლად გქონდეთ გამართული წინა და უკანა განათება. რეკომენდებულია სათადარიგო განათების ან დამატებითი ელემენტების ქონაც.
  • გამოიყენეთ ამრეკლი ჟილეტი ან სხვა ამრეკლი ელემენტები, განსაკუთრებით ღამის მონაკვეთებზე.
  • წაიღეთ საკმარისი წყალი, ელექტროლიტები და ენერგიის სწრაფად აღსადგენი საკვები: გელები, ბარები, ბანანი და სხვა წინასწარ გამოცდილი პროდუქტები.
  • წინასწარ დაგეგმეთ, სად შეძლებთ საკვებისა და წყლის მარაგის შევსებას. მაღალმთიან მონაკვეთებზე მაღაზიები და სხვა სერვისები შეიძლება შეზღუდული იყოს.
  • არ გამოიყენოთ საკვები, სასმელი ან დანამატები, რომლებიც მანამდე არ დაგიტესტავთ.
  • შეამოწმეთ საბურავები, მუხრუჭები, ჯაჭვი, გადართვის სისტემა და განათებები სტარტამდე.
  • იქონიეთ მინიმუმ ორი სათადარიგო კამერა, ტუმბო ან CO₂, საბურავის შეკეთების ნაკრები, ჯაჭვის შემაერთებელი და მულტითული.
  • Tubeless სისტემის გამოყენების შემთხვევაში იქონიეთ საბურავის საცობები, დამატებითი ჰერმეტიკი და სათადარიგო კამერა.
  • აუცილებლად იქონიეთ საწვიმარი ქურთუკი, თბილი შიდა ფენა და ხელთათმანები. მაღალმთიან მონაკვეთებზე ტემპერატურა შეიძლება საგრძნობლად დაეცეს.
  • ხანგრძლივი დაღმართების წინ შეამოწმეთ მუხრუჭები და აკონტროლეთ სიჩქარე. განსაკუთრებით ფრთხილად იმოძრავეთ ღამით, ნისლში, წვიმასა და სველ გზაზე.
  • წინასწარ დაგეგმეთ მოკლე დასვენებების სტრატეგია, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ღამით ხანგრძლივად მოძრაობას არ ხართ მიჩვეული.
  • არ დაიწყოთ ზედმეტად მაღალი ტემპით. გადაანაწილეთ ძალები მთელი დისტანციისა და განსაკუთრებით მარშრუტის მეორე ნახევრისთვის.

გაითვალისწინეთ, რომ ღონისძიება self-supported ფორმატში ტარდება და მონაწილე თავად არის პასუხისმგებელი საკუთარ ჯანმრთელობაზე, უსაფრთხოებაზე, ნავიგაციაზე და ტექნიკურ მზადყოფნაზე.

რას ამბობენ ველომოყვარულები (5)

600 კმ ბრევეტის წინ კარგი გაკვეთილი მივიღე. მჯერა რომ ამ სირცზვილს 600-ზე ჩამოვირეცხავ

13 ივლისი 2026

ძალიან კაი ბრევეტი გამოვიდა, განსაკუთრებით გაამართლა ღამე სიარულმა და აუტანელი სიცხის თავიდან აცილებამ. ტელეგრამ ბოტიც ძალიან კარგად მუშაობს და ხალხიც შეეჩვია მის ხმარებას. დიდი მადლობა ორგანიზატორებს!!!

13 ივლისი 2026

ძალიან დიდი გამოწვევა იყო ჩემთვის. მიუხედავად იმისა რომ ვერ დავაფინიშე მოვიღე კარგი გამოცდილება თუ როგორ უნდა მოემზადო ამ დონის ღონისძიებითვის. მომავალში დავაფინიშებ !

13 ივლისი 2026
★★★★★

ჩემთვის მეორე იყო 400 კმ იანი ბრევეტი 👋 ისეთი მარშრუტით, რომლის გავლასაც არ დავაპირებდი, რომ არა ეს ღონისძიება 🥹😅 მიხარია, რომ უვნებლად დავასრულეთ და მოუთმენლად ველი 600 კმ ს 🚵‍♀️✨️

13 ივლისი 2026

ბრევეტი აღარ მიხსენოთ 😅😅😅

13 ივლისი 2026

შეფასების დასატოვებლად საჭიროა ავტორიზაცია.

შესვლა შეფასებისთვის

მსგავსი ღონისძიებები

ყველას ნახვა