ბრევეტი 600კმ - კახეთი
ბრევეტი

ბრევეტი 600კმ - კახეთი

600 კმ ბრევეტი 17 ოქტომბერს, კახეთი. 40 საათის ლიმიტი. Self-supported ფორმატი. რეგისტრაცია ონლაინ.

ივანე ჯავახიშვილის ხიდი
17 ოქტომბერი 2026
07:00
2 დღე
600 km
6570 m

🔥 გიფიქრია, რა მანძილის დაფარვას შეძლებ 40 საათში?

17-18 ოქტომბერს 2026 წლის 600 კმ ბრევეტს ვატარებთ.

ღონისძიების შესახებ

ბრევეტი არის საერთაშორისო გამოწვევა ასწლოვანი ისტორიით.
მისი საშუალებით გამოცდი საკუთარ გამძლეობას, დროის სწორად მართვისა და დაგეგმვის უნარებს. შენ არ ეჯიბრები სხვას, შენ ეჯიბრები საკუთარ შესაძლებლობებს.
მარტივად რომ ავხსნათ: ბრევეტს წარმატებით დაასრულებ, თუ განსაზღვრულ მარშრუტს 40 საათის ლიმიტში გაივლი.

  • მანძილი: 600 კმ
  • დროის ლიმიტი: 40 საათი 00 წუთი
  • ფორმატი: self-supported

self-supported ნიშნავს, რომ მონაწილე თავად არის პასუხისმგებელი ნავიგაციაზე, კვებაზე, ჰიდრაციაზე, დასვენებასა და ტექნიკურ საკითხებზე. გარე დახმარება დაუშვებელია საკონტროლო პუნქტების გარეთ, გარდა საჯაროდ ხელმისაწვდომი სერვისებისა.

მარშრუტის შესახებ

მარშრუტი იწყება და სრულდება თბილისში, მაღლივის ხიდთან. სტარტის შემდეგ მონაწილეები კახეთის მიმართულებით გაემართებიან და გაივლიან პანკისის ხეობას, ყვარელს, ჰერეთისკარსა და სამთაწყაროს. მარშრუტი აერთიანებს ალაზნის ველის ვრცელ მონაკვეთებს, აღმოსავლეთ საქართველოს მრავალფეროვან ლანდშაფტებსა და მთიან გზებს. დასკვნით ეტაპზე მონაწილეებს გომბორის უღელტეხილის გავლა და თბილისში დაბრუნება მოუწევთ.

მარშრუტის სიგრძე დაახლოებით 606 კილომეტრია. მარშრუტი აერთიანებს სწრაფ და სწორ მონაკვეთებს, ხანგრძლივ აღმართებსა და დაღმართებს. გზა ძირითადად ასფალტირებულია.

განსაკუთრებულ სირთულეს წარმოადგენს მარშრუტის სიგრძე და მნიშვნელოვანი ჯამური აღმართი. მონაწილეებს თითქმის ორი დღის განმავლობაში მოუწევთ ენერგიის, ტემპისა და დასვენების სწორად მართვა. მარშრუტის ბოლო ნაწილში განსაკუთრებით რთული შეიძლება აღმოჩნდეს გომბორის უღელტეხილის გავლა, როდესაც ორგანიზმი უკვე მნიშვნელოვნად იქნება დაღლილი.

მონაწილეებს მოუწევთ როგორც დღისით, ისე ღამით მოძრაობა. ოქტომბერში კახეთის დაბლობ ნაწილსა და მაღალმთიან მონაკვეთებს შორის ტემპერატურა შესაძლოა მნიშვნელოვნად განსხვავდებოდეს. განსაკუთრებით გასათვალისწინებელია ღამის სიცივე, ნისლი, წვიმა, ძლიერი ქარი და ხილვადობის გაუარესება.

მარშრუტი: სრული მარშრუტის ნახვა Komoot-ზე

  • გამოცხადება სტარტზე
    06:00 - სტარტამდე 1 საათით ადრე
  • სტარტი - თბილისი (მაღლივის ხიდი)
    მანძილი: 0 კმ
    გახსნა: 07:00 - 17 ოქტომბერი
  • ჩეკპოინტი 1 - პანკისის ხეობა
    მანძილი: 130 კმ
    გახსნა: 10:49 - 17 ოქტომბერი
    დახურვა: 15:40 - 17 ოქტომბერი
  • ჩეკპოინტი 2 - ყვარელი
    მანძილი: 231 კმ
    გახსნა: 13:51 - 17 ოქტომბერი
    დახურვა: 22:24 - 17 ოქტომბერი
  • ჩეკპოინტი 3 - ჰერეთისკარი
    მანძილი: 310 კმ
    გახსნა: 16:19 - 17 ოქტომბერი
    დახურვა: 03:40 - 18 ოქტომბერი
  • ჩეკპოინტი 4 - სამთაწყარო
    მანძილი: 373 კმ
    გახსნა: 18:17 - 17 ოქტომბერი
    დახურვა: 07:52 - 18 ოქტომბერი
  • ჩეკპოინტი 5 - გომბორის უღელტეხილი
    მანძილი: 509 კმ
    გახსნა: 22:46 - 17 ოქტომბერი
    დახურვა: 16:56 - 18 ოქტომბერი
  • ფინიში - თბილისი (მაღლივის ხიდი)
    მანძილი: 606 კმ
    გახსნა: 01:48 - 18 ოქტომბერი
    დახურვა: 23:00 - 18 ოქტომბერი
    (სტარტიდან 40 საათი)
მნიშვნელოვანი შენიშვნა: ACP-ის მოქმედი წესების მიხედვით, შუალედური საკონტროლო პუნქტების გახსნისა და დახურვის დროები მონაწილეებისთვის საორიენტაციოა და ეხმარება მათ, შეაფასონ, ასწრებენ თუ არა ბრევეტის საერთო დროის ლიმიტში დასრულებას. საბოლოო და სავალდებულო დროითი მოთხოვნა არის ფინიშის დახურვის დრო. მონაწილემ ასევე უნდა დაადასტუროს ყველა საკონტროლო პუნქტის გავლა.

ვის შეუძლია მონაწილეობა

მონაწილეობა შეუძლია ფიზიკურად მომზადებულ ველოსიპედისტს, რომელსაც აქვს ულტრადისტანციური და მთაგორიანი მარშრუტების გავლის, ასევე დღისით და ღამით უსაფრთხოდ გადაადგილების გამოცდილება.

600 კმ ბრევეტი არ არის რეკომენდებული, როგორც პირველი ულტრადისტანციური ღონისძიება. სასურველია მონაწილეს უკვე გავლილი ჰქონდეს 200, 300 ან 400 კმ ბრევეტები, ან ანალოგიური სირთულის ხანგრძლივი ველომარშრუტები.

ხანგრძლივი აღმართებისა და 40-საათიანი გამოწვევის გამო მონაწილეს უნდა შეეძლოს ტემპის, ენერგიის, კვების, ჰიდრაციისა და ძილის სწორად მართვა. ამ დისტანციაზე მნიშვნელოვანი ხდება არა მხოლოდ ფიზიკური მომზადება, არამედ საკუთარი შესაძლებლობების რეალისტურად შეფასება და მოძრაობის ტემპის შენარჩუნება.

რეკომენდებულია Road, Endurance ან Gravel ტიპის ველოსიპედი, რომელიც ტექნიკურად გამართულია და კომფორტულია ხანგრძლივი გადაადგილებისთვის. სასურველია შედარებით ფართო და გამძლე საბურავების გამოყენება, განსაკუთრებით გზის ცალკეული რთული მონაკვეთების გათვალისწინებით.

რატომ ღირს მონაწილეობა

ბრევეტი 600 მხოლოდ მანძილი არ არის. ეს არის ნებისყოფის, დისციპლინის, მენტალური სიმტკიცის, გამძლეობისა და დროის მართვის სერიოზული გამოცდა.

კახეთის მრავალფეროვან გზებზე 606 კილომეტრის გავლა მონაწილეს საშუალებას აძლევს გამოსცადოს საკუთარი შესაძლებლობები განსხვავებულ რელიეფსა და ამინდის პირობებში, ისწავლოს დაღლილობისა და ძილის მართვა და შეიძინოს გამოცდილება, რომელიც აუცილებელია კიდევ უფრო გრძელი რანდონერული გამოწვევებისთვის.

600 კმ ბრევეტი განსაკუთრებულ ადგილს იკავებს რანდონერულ კალენდარში. მათთვის, ვინც ერთ საკვალიფიკაციო სეზონში წარმატებით დაასრულებს 200, 300, 400 და 600 კმ ბრევეტების სრულ სერიას, არსებობს Super Randonneur-ის წოდების მიღების შესაძლებლობა.

600 კილომეტრის გავლა 40 საათში მოითხოვს სწორ სტრატეგიას, მოთმინებასა და ფიზიკური თუ მენტალური რესურსების გონივრულად განაწილებას. ფინიშზე მისვლა მხოლოდ დისტანციის დასრულება არ არის, ეს არის საკუთარი შესაძლებლობების კიდევ ერთხელ აღმოჩენა.

რეკომენდაცია

  • მარშრუტი წინასწარ ჩაწერეთ GPS მოწყობილობაში ან ტელეფონში. მხოლოდ ინტერნეტსა და ონლაინ ნავიგაციაზე ნუ იქნებით დამოკიდებული.
  • იქონიეთ სრულად დამუხტული ტელეფონი და საკმარისი მოცულობის power bank. 40-საათიანი დისტანციისთვის წინასწარ გათვალეთ ელექტრონული მოწყობილობების ენერგომოხმარება.
  • აუცილებლად გქონდეთ გამართული წინა და უკანა განათება. რეკომენდებულია სათადარიგო განათების ან დამატებითი ელემენტების ქონაც.
  • გამოიყენეთ ამრეკლი ჟილეტი ან სხვა ამრეკლი ელემენტები, განსაკუთრებით ღამის მონაკვეთებზე.
  • წაიღეთ საკმარისი წყალი, ელექტროლიტები და ენერგიის სწრაფად აღსადგენი საკვები: გელები, ბარები, ბანანი და სხვა წინასწარ გამოცდილი პროდუქტები.
  • წინასწარ დაგეგმეთ, სად შეძლებთ საკვებისა და წყლის მარაგის შევსებას. მარშრუტის დაშორებულ მონაკვეთებზე, განსაკუთრებით ღამით, მაღაზიები და სხვა სერვისები შეიძლება შეზღუდული ან დაკეტილი იყოს.
  • არ გამოიყენოთ საკვები, სასმელი ან დანამატები, რომლებიც მანამდე არ დაგიტესტავთ.
  • შეამოწმეთ საბურავები, მუხრუჭები, ჯაჭვი, გადართვის სისტემა და განათებები სტარტამდე.
  • იქონიეთ მინიმუმ ორი სათადარიგო კამერა, ტუმბო ან CO₂, საბურავის შეკეთების ნაკრები, ჯაჭვის შემაერთებელი და მულტითული.
  • Tubeless სისტემის გამოყენების შემთხვევაში იქონიეთ საბურავის საცობები, დამატებითი ჰერმეტიკი და სათადარიგო კამერა.
  • აუცილებლად იქონიეთ საწვიმარი ქურთუკი, თბილი შიდა ფენა და ხელთათმანები. ოქტომბერში, განსაკუთრებით ღამით და მაღალმთიან მონაკვეთებზე, ტემპერატურა შეიძლება საგრძნობლად დაეცეს.
  • ხანგრძლივი დაღმართების წინ შეამოწმეთ მუხრუჭები და აკონტროლეთ სიჩქარე. განსაკუთრებით ფრთხილად იმოძრავეთ ღამით, ნისლში, წვიმასა და სველ გზაზე.
  • წინასწარ დაგეგმეთ დასვენებისა და ძილის სტრატეგია. 600 კმ დისტანციაზე მნიშვნელოვანია არა მხოლოდ მოძრაობის ტემპი, არამედ გაჩერებების სწორად გადანაწილებაც.
  • ძლიერი ძილიანობის ან ყურადღების დაქვეითების შემთხვევაში აუცილებლად გაჩერდით უსაფრთხო ადგილას და დაისვენეთ. არ გააგრძელოთ მოძრაობა იმ მდგომარეობაში, როდესაც ველოსიპედის უსაფრთხოდ მართვა გიჭირთ.
  • არ დაიწყოთ ზედმეტად მაღალი ტემპით. გადაანაწილეთ ძალები მთელი დისტანციისთვის. განსაკუთრებით გაითვალისწინეთ გომბორის უღელტეხილის მონაკვეთი, რომელიც ფინიშამდე დაახლოებით 97 კილომეტრით ადრე გელოდებათ.
  • წინასწარ განსაზღვრეთ დროის რეზერვი გაუთვალისწინებელი შემთხვევებისთვის: ტექნიკური პრობლემები, ამინდის გაუარესება ან დაგეგმილზე ხანგრძლივი დასვენება.
  • განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეთ ღამის მონაკვეთებსა და დაბალი ხილვადობის პირობებში მოძრაობას. არასაკმარისი განათების ან ძლიერი დაღლილობის შემთხვევაში მოძრაობის გაგრძელება შეიძლება სახიფათო იყოს.

გაითვალისწინეთ, რომ ღონისძიება self-supported ფორმატში ტარდება და მონაწილე თავად არის პასუხისმგებელი საკუთარ ჯანმრთელობაზე, უსაფრთხოებაზე, ნავიგაციაზე, დასვენებასა და ტექნიკურ მზადყოფნაზე.

შეფასების დასატოვებლად საჭიროა ავტორიზაცია.

შესვლა შეფასებისთვის

მსგავსი ღონისძიებები

ყველას ნახვა